Post Reply 
 
Thread Rating:
  • 0 Votes - 0 Average
  • 1
  • 2
  • 3
  • 4
  • 5
Georgian politics
04-05-2014, 12:06 AM (This post was last modified: 04-05-2014 12:58 AM by guru_m.)
Post: #19
RE: Georgian politics
მიხეილ სააკაშვილი - კიევში, მეც კი მირეკავენ და სამსახურში მოწყობას მთხოვენ

მიხეილ სააკაშვილი ვაშინგტონში რეფორმების ცენტრს ქმნის. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა კიევში, გადაცემა - "სტუმრად დიმიტრი გორდონთან" საუბრისას განაცხადა.
"ვაშინგტონში ვქმნი რეფორმების ცენტრს, სადაც გავუზიარებთ საკუთარ გამოცდილებას. ეს იქნება ასევე საგანმანათლებლო ცენტრი. ჩამოვიყვანთ სტუდენტებს, მათ შორის ქართველებსაც. ამ ეტაპზე მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რამდენიმე უნივერსიტეტთან, რათა რაიმე სახით განვაზოგადოთ ჩვენი გამოცდილება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გადაცემაში სტუმრობისას განაცხადა, რომ მსგავსი ცენტრის გახსნას კიევშიც ფიქრობს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა დიმიტრი გორდონთან საუბრისას აღნიშნა, რეგიონის ბედი დღეს სწორედ უკრაინაში წყდება.
"ჩვენი რეგიონის ბედი დღეს იმდენად არ წყდება ტუნისში ან ნიგერიაში, სადაც ადგილობრივმა მთავრობამ მიმიწვია ლექციების წასაკითხად, არამედ უკრაინაში. უკრაინა წყვეტს არა მხოლოდ საკუთარ არამედ, საქართველოს, მოლდოვას, რუსეთის ბედსაც კი", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, უკრაინას უდიდესი პოტენციალი აქვს რეფორმების თვალსაზრისით, რადგან ძალიან განათლებული ახალგაზრდა თაობა ჰყავს.
"მაგრამ არსებობს სხვა საფრთხეებიც; მაგალითად, აქ კიევში, მეც კი მირეკავენ და სამსახურში მოწყობას მთხოვენ, რადგან იციან, რომ უამრავი ნაცნობი მყავს უკრაინაში. რა თქმა უნდა, ასეთი ტალღაც არის. მაგრამ, მეორე მხრივ, უდიდესი ახალი ტალღა არსებობს, რომელსაც არ უნდა ძველი წესებით ცხოვრება", - დასძინა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.


წყარო: http://www.interpressnews.ge/

პროკურატურა: ბოკერიას დაბარება თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს ეხებაპარასკევი,
4 აპრილი, 2014 - 12:23

მთავარი პროკურატურა გიგა ბოკერიას დაბარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება.

”2014 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე, საქართველოს მთავარ პროკურატურაში, მოწმის სახით, დაკითხვის მიზნით დაბარებულია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი გიორგი (გიგა) ბოკერია.

საქმე ეხება გიგა ბოკერიას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად (აპარატის ხელმძღვანელი) მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს.

საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს”, - წერია პროკურატურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მდივანი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარეს.

ბოკერია მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში 15:00-ზე უნდა გამოცხადდეს. უწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსმა გამომძიებელმა დავით თევზაძემ შეადგინა.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ხუთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების, მათ შორის, ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაასახელა. განცხადებაში, რომელსაც ხელს საია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, სამართლიანი არჩევნები, სამოქალაქო განვითარების სააგენტო და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი აწერს, აღნიშნულია, რომ ბოლო ხანებში ქვეყნის მასშტაბით გახშირდა იმ ადამიანების საგამოძიებო სტრუქტურებში დაბარება (დაკითხვა ან ბრალის წაყენება), რომლებიც აქტიურ პარტიულ საქმიანობას ეწევიან. მათი შეფასებით, ეს ფაქტი გავლენას ახდენს სამართლიან საარჩევნო გარემოზე.

ორგანიზაციების განცხადებით, ამ საკითხზე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდებში უწყებათაშორისმა კომისიამ რამდენიმე რეკომენდაცია გამოაქვეყნა და საგამოძიებო სტრუქტურებს წინასაარჩევნოდ ასეთი ქმედებებისგან, თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგენდა, თავის შეკავებისკენ მოუწოდა. არასამთავრობოების აზრით, ახლაც მნიშვნელოვანია მსგავსი სტანდარტის დაწესება და შესაბამისი რეკომენდაციის გაწევა.

წყარო: http://www.tabula.ge/

ჩერგოლეიშვილი: ივანიშვილს და ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ
პარასკევი, 4 აპრილი, 2014 - 16:22

ტაბულას დირექტორის თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გიგა ბოკერიას დაკავებას წელიწად-ნახევარია, აანონსებს. როგორც ჩერგოლეიშვილმა პროკურატურასთან ჟურნალისტებს უთხრა, შესაბამისად, ბოკერიას დაკითხვაზე დაბარება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.

"ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ, ივანიშვილს ახსენდება რაღაც ხარჯები, რომელიც თურმე ლობისტებზე დაიხარჯა. ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ-ფაშიზმი. რეალურად, ეს მოწმის სტატუსით დაკითხვაც ხომ ფარსია, ბრალის წაყენება უნდათ. ვნახოთ, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, ჩემი ქმარიც გადაიტანს როგორმე, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს, ღარიბაშვილს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა და ჟურნალისტების კითხვაზე აღნიშნა, რომ ბოკერიას დაკავებას არ გამორიცხავს.

"ყველაფერია მოსალოდნელი პროვინციული ჰაკიმ-ფაშიზმის პირობებში", - დასძინა ჩერგოლეიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გიგა ბოკერია მოწმის სახით დაკითხვაზე დღეს დაიბარეს. ბოკერია ჩვენების მისაცემად უწყებაში 15:00-ზე გამოცხადდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ბოკერიას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებს უკავშირდება. უწყების ცნობითვე, საქმეს მინიჭებული აქვს საიდუმლო გრიფი და მასზე გამოძიებას საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.
ცნობისთვის, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი თავის პრესკონფერენციებსა და ინტერვიუებში ხშირად ახსენებდა გიგა ბოკერიას და აცხადებდა, რომ უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა საქართველოს ბიუჯეტიდან 16 მილიონი მხოლოდ 2012 წელს დახარჯა უცხოურ ლობისტებზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პიარისთვის, "მათ შორის, 300-400 ათასი ნაღდი ფული". ყოფილი პრემიერი ასევე ამბობდა, რომ ბოკერია უცხოურ გამოცემებს, მათ შორის Washington Post-ს, საქართველოს ახალ მთავრობაზე კრიტიკული წერილების გამოქვეყნებისთვის ფულს უხდიდა. ივანიშვილი აცხადებდა, რომ "ბოკერიასთან კითხვები აუცილებლად იქნება".

წყარო: http://www.tabula.ge/

მედია ჯავახეთზე და შეფასებები რეგიონიდან
მთავარი → პოლიტიკა 28.03.2014

ქართველ და სომეხ პოლიტიკოსთა განცხადებები და მედია სივრცეში გააქტიურებული თემა ჯავახეთში ვითარების დაძაბვის შესახებ; რატომ ახსენებენ ყირიმთან ერთად ჯავახეთს და რატომ საუბრობენ საქართველოში სეპარატიზმის საფრთხეზე;
ქართველი და სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები

ჯავახეთში ეროვნებით სომეხი მოქალაქეების მიერ მასიურად რუსული პასპორტების აღებისა და სამხრეთ საქართველოში სეპარატიზმის საშიშროების შესახებ ბოლო დღეებში არაერთი მედია გამოცემა წერდა. ამ თემაზე საუბარი სომხეთის პარლამენტის ფრაქცია “რესპუბლიკური პარტიის” წევრისა და მოძრაობა “ჯავახკის” თავმჯდომარის შირაკ ტოროსიანის განცხადებით დაიწყო.

მისი თქმით, საქართველოს ნატოში გაწევრიანება რუსეთსა და ნატოს შორის ახალ კონფლიქტს წარმოშობს, რაც, თავის მხრივ, მოსკოვსა და თბილისს შორის ახალი დაძაბულობის მიზეზი იქნება და თურქული სამხედრო კონტინგენტის წარმომადგენლობის შემთხვევაში პრობლემა აბსოლუტურად სხვა სიბრტყეში გადავა: „საქართველოს, ცხადია, თავისი მიზნები აქვს და შეუძლია ნატოს წევრი გახდეს. თუმცა, არც ერთ შემთხვევაში სომხური ეთნოსი არ მოითმენს თურქული არმიის ყოფნას იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ცხოვრობს”.

ტოროსიანის განცხადებას, ტელე იმედზე გადაცემა „პანორამაში“ გასული სიუჟეტი, შემდეგ კი ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები მოჰყვა.

“სხვადასხვა წყაროების მონაცემებიდან ირკვევა, რომ თბილისში, რუსეთის საელჩოსთან, უფრო ზუსტად ფუნქციონირებად საკონსულოსთან დგას ჯავახეთის ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რიგები. მათ ურიგებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს. ქართული სახელმწიფო 1993 წლის შემდეგ არ მდგარა ასეთი საფრთხის წინაშე, როგორც დღეს“, - განაცხადა საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

ჯავახეთში რომ ვითარება იძაბება, ამაზე პარტია „მომავალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ლაღიძეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველო გახლეჩვის წინაშე დგას: „სხვადასხვა წყარო ადასტურებს, რომ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები სომეხი ეროვნების მოქალაქებს მასიურად ურიგებენ რუსულ პასპორტებს, ამასთან ერთად, იქ გააქტიურდნენ ისეთი სუბიექტები, ვინც ახალისებს და მხარს უჭერს სეპარატიზმს“.

რას ამბობენ ადგილობრივები

მიუხედავად ზემოთ აღნიშნული პოლიტიკოსების განცხადებებისა, ადგილობრივების ნაწილმა, იმის შესახებ, რომ ეროვნებით სომეხ მოქალაქეებს რუსული პასპორტები ურიდგებათ და ამის გამო ჯავახეთში ვითარება იძაბება, არაფერი იციან.

„რა რუსული პასპორტები?! თქვენგან მესმის პირველად. ყოველდღე უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და ჯერ ასეთი რამ არ მსმენია! ჯავახეთში სრული სიმშვიდეა“, - ამბობს ახალქალაქის მკვიდრი არმენ ფოლორჩიანი.

რეგიონში სეპარატიზმის საფრთხისა და რუსული პასპორტების დარიგების შესახებ „სამხრეთის კარიბჭისგან“ გაიგო გარიკ პეტროსიანმაც: „პირველად მესმის, ვინ თქვა ეგ?! ჩვენთან ეგეთი არაფერი ხდება და არც არაფერი გაგვიგია“.

რეგიონში რომ სრული სიმშვიდეა, არანაირი სეპარატისტული განწყობა არ არსებობს და ამის შესახებ ადგილობრივების უმრავლესობამაც რომ არაფერი იცის, ამაზე ახალქალაქში მცხოვრები, ჟურნალისტი რიმა ღარიბიანიც საუბრობს. ღარიბიანს ამ თემაზე არაერთი მასალა აქვს მომზადებული: „ბევრმა აქ არც კი იცის, რომ ჯავახეთზე ასეთი მოსაზრებები ვრცელდება. ვინც იცის, იმისთვის ალბათ საწყენია, რომ ის მშვიდად ცხოვრობს და ამ დროს მის შესახებ ასეთ ხმებს ავრცელებენ“.

რატომ იღებენ რუსულ პასპორტებს?

ღარიბიანი ასევე გამორიცხავს რუსული პასპორტების დარიგების ალბათობასაც. მისი თქმით, შესაძლოა რუსული პასპორტები იმ ადამიანებმა მიიღონ, ვისი მამაც რუსეთის მოქალაქეა, თუმცა ეს აქამდეც ასე ხდებოდა, მომავალშიც ასე გაგრძელდება და აქ ახალი არაფერია.

„ვისაც, მაგალითად, მამა ჰყავს რუსეთის მოქალაქე, რაღაც პროცედურებით მას შეუძლია პასპორტის მიღება. ეს აქამდეც ასე ხდებოდა, ახლაც ხდება და ალბათ მომავალშიც მოხდება. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ჯავახეთის ეთნიკურ სომხებს პასპორტებს ურიგებენ.

კიდევ ერთი ფაქტორი, რის გამოც რუსულ პასპორტს იღებენ, არის ის, რომ იქ მუშაობენ. მას შემდეგ რაც რუსეთმა სომხეთის მოქალაქეების რუსეთში ყოფნის ვადა სამ თვემდე შეამცირა, თავიდან იცილებენ ზედმეტ გართულებებს“, - ამბობს ღარიბიანი და ამატებს, რომ ახალი ამბავი არც ეს არის.

მისი თქმით, ამ ფაქტებით იმის მტკიცება, რომ ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხეა, დიდი სისულელეა: „დარწმუნებული ვარ, ადგილობრივები ამ პროვოკაციას არ წამოეგებიან“.

ღარიბიანის მოსაზრებას ეთანხმება ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელი ცირა მესხიშვილი, რომელმაც ჯავახეთში პასპორტების დარიგების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად ადგილობრივები გამოკითხა: „ჯავახეთში მოსახლეობის დიდ ნაწილს ახლობლები რუსეთში ჰყავს და მამაკაცების დიდი ნაწილიც სამუშაოდ სწორედ რუსეთში დადის, ვიზები ძვირი ჯდება, ამიტომ აქ პასპორტების ამბავი ახალი არ არის. მაგრამ ის, რომ თითქოს ჯავახეთში რუსეთი პასპორტებს მასიურად არიგებს, სიცრუეა“.

მამუკა არეშიძე: „პასპორტების აღებამ უფრო ინტენსიური სახე მიიღო“

ჯავახეთში ეროვნებით სომეხი მოქალაქეების მიერ რუსული პასპორტების აღების ამბავი, რომ ახალი არ არის, ამის შესახებ მესხიშვილისა და ადგილობრივების მოსაზრებას იზიარებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძეც. თუმცა, მათგან განსხვავებით, იგი ირწმუნება, რომ ბოლო დროს ამ პროცესმა უფრო აქტიური სახე მიიღო: „საკონსულოსთან მისულს 13 კაცი მხოლოდ ჯავახეთიდან დამხვდა. ვკითხე მათ, მართლა აპირებდნენ თუ არა რუსეთში საცხოვრებლად წასვლას, მიპასუხეს, ახლა არა, მაგრამ მერე რა იქნება არ ვიცითო“.

ჯავახეთში რომ სიმშვიდეა ამაზე ახალქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობაშიც საუბრობენ.

„რა რუსული პასპორტები?! ასეთი რამ არ ხდება, ან რატომ ავრცელებენ ხმებს სეპარატიზმზე, წარმოდგენა არ მაქვს“, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედუარდ აღასარიანი.

სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, პირად საუბრებში კი ამბობენ, რომ რეგიონში სიმშვიდეა და ვითარების დაძაბვას ხელოვნურად ცდილობენ.

ვითარებას რომ ხელოვნურად ძაბავენ, ამაზე ჯავახეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ჯავახეთის მომავლისთვის“ დირექტორი დალი აღდგომელაძეც საუბრობს: „ეს აგორებული ჭორია, მსგავსი არაფერი ხდება. სომხურ გარემოში ვცხოვრობ და ასეთი არაფერი მსმენია“.

აღდგომელაძე ამბობს, რომ ბოლო დროს ჯავახეთში ჟურნალისტები სომხეთიდან ხშირად მიდიან: „დავინახე, რომ ეს ჟურნალისტები ერთ-ერთ ისეთ ადამიანს დაყვებოდნენ, რომელსაც ჯავახეთში სეპარატიზმის საფრთხის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ხელეწიფება“.

ვის აწყობს და ვის არა ჯავახეთში არეულობა

ჯავახეთში მცხოვრებ ერთ, ორ, ან მაქსიმუმ 10 ადამიანს, რომ სეპარატისტიული ინტერესები შეიძლება ჰქონდეს და მსგავსი ინფორმაციის გავრცელების სურვილიც აწუხებდეს, ამაში აღდგომელაძეს ახალციხის მკვიდრი, რობერტ მურადიონიც ეთანხმება. თუმცა იგი რეგიონში სეპარატიზმის საფრთხის რეალურ არსებობას კატეგორიულად გამორიცხავს.

„ვიღაცას ძალიან უნდა, რომ აქაც იგივე მოხდეს, რაც უკრაინაში, მაგრამ ეს დაუშვებელია. ახალციხის და ახალქალაქის სომხური საზოგადოება ასეთ რამეს არასდროს იზამს. სომხებმა, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ, ძალიან კარგად იციან, რომ ევროპული გზა საუკეთესო არჩევანია. ამ ქვეყნისადმი ერთგულება მათ 2008 წლის აგვისტოს ომის დროსაც დაადასტურეს“, - აცხადებს მურადიანი.

არსამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ წარმომადგენელის გია ანდღულაძისთვის ზღაპარია ის, რომ ჯავახეთში არის 100 ათასი ადამიანი, რომელიც დღე და ღამე იმას ოცნებობს როდის გამოეყოფა ჯავახეთი საქართველოს და მიუერთდება სომხეთს. მისთვის ასევე ზღაპარია ისიც, რომ რუსეთი არ ისურვებს საქართველოში კიდევ ერთი არეულობა მოაწყოს. სამაგიეროდ, იმაშია ღმრად დარწმუნებული, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვა მარტივი საკითხი არაა, რადგან სომხეთს საქართველოსთან ურთიერთობის გართულება ყველაზე ნაკლებად სურს, რუსეთი კი ჯავახეთში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხვდეს, თუ ქვეყნის ანექსიას განახორციელებს, ეს კი ასე მარტივი საკითხი არაა.

„არეულობა ჯავახეთში პირველ რიგში სომხეთს არ აწყობს, რადგან მისთვის ერთადერთი სახმელეთო და საზღვაო გზა საქართველოზე გადის, მოსაზღვრე თურქეთთან, აზერბაიჯანთან და ირანთან არც თუ კარგი დამოკიდებულება აქვს, - ამბობს ანდღულაძე და ამატებს - თუნდაც რუსული პასპორტები რომ დაარიგონ ჯავახეთში, მერე რა?! რუსეთი შემოვა აქ მათ დასაცავად? რუსეთისთვის ჯავახეთამდე მისასვლელი გზა საქართველოს გარდა არ არსებობს. ან ქვეყანას გახლეჩენ შუაზე, რაც ანექსიას ნიშნავს, ან არც არაფერი მოხდება“.

მამუკა არეშიძე კი ვარაუდობს, რომ თუ სამომავლოდ ეს რუსეთს დაჭირდება, იმ ადამიანებს, რომლებსაც რუსული პასპორტები ექნებათ სათავისოდ გამოიყენებს: „ეს ადამიანები ვერ აცნობიერებენ, რომ ასრულებენ მესამე ძალის დაკვეთას, რომ ისინი შეიძლება ვიღაცამ სათავისოდ ისე გამოიყენონ, რომ ეს თავად ვერც კი გააცნობიერონ“.

წყარო: sknews.ge/

კახა ლომაია: ” გიგა ბოკერიას დაჭერით ის შეავსებს ნაკლულ კომპონენტს – ნაპერწკალს”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი კახა ლომაია თავის Facebook გვერდზე გიგა ბოკერიას დაკითხვაზე დაბარებას აფასებს:

“თავისი არაკომპეტენტურობით, მავნებლობითა და შერჩევითი მართლმსაჯულებით ეს ხელისუფლება წელიწადნახევარი საგულდაგულოდ აგროვებდა დენთს იმ კასრში, რომელზეც ზის. გიგა ბოკერიას დაჭერით ის შეავსებს ნაკლულ კომპონენტს – ნაპერწკალს.”

წყარო: http://www.tzona.org/
Find all posts by this user
Quote this message in a reply
Post Reply 


Messages In This Thread
Georgian politics - giagiwi - 10-22-2013, 01:08 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 10:11 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-28-2013, 11:26 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 06:43 PM
RE: Georgian politics - guru_m - 10-29-2013, 08:15 PM
RE: Georgian politics - guru_m - 11-01-2013, 05:05 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-07-2013, 10:56 PM
RE: Georgian politics - guru_m - 12-08-2013, 01:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 12:20 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-16-2014, 01:21 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 02:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-17-2014, 03:16 AM
RE: Georgian politics - guru_m - 01-18-2014, 05:27 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-20-2014, 08:30 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-22-2014, 09:21 PM
RE: Georgian politics - guru_m - 01-23-2014, 12:25 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 02:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-03-2014, 03:38 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014 12:06 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 02:49 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-05-2014, 05:18 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 02:27 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 03:39 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-17-2014, 05:15 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 05:07 AM
RE: Georgian politics - guru_m - 04-18-2014, 06:08 AM

Forum Jump:


User(s) browsing this thread: 2 Guest(s)